იურიდიული კომპანია, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს იცავს, ევროპულ მედიას კვლავ აკრიტიკებს და ამბობს, რომ მათ სტატიებზე "ცენზურა ტენდენციად იქცა".
იურისტები "იმედგაცრუებულნი" არიან, რომ ივანიშვილის პიარ გუნდს სტატიის გამოქვეყნებაზე ევროპულმა მედიამ მორიგ ჯერზე უთხრა უარი.
"საზოგადოებისთვის ცნობილია 2023 წლის 8 თებერვალს გამოცემული პრეს-რელიზის შესახებ, სადაც ვსაუბრობდით "კრედიტ სუისს"-ის მენეჯმენტის მამხილებელი სტატიების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით ევროპული პრესის მიერ დაწესებულ ცენზურაზე, რაც უკვე ტენდენციად იქცა.
პრეს-რელიზით გავრცელებულ სტატიაში აღნიშნული იყო, რომ ბატონ ივანიშვილს განზრახული ჰქონდა დამატებითი ინფორმაცია მიეწოდებინა საზოგადოებისთვის, რასაც ეტაპობრივად განახორციელებდა კიდეც.
უკვე მიმდინარე კვირაში, ბატონი ივანიშვილის პიარ გუნდს ჰქონდა მცდელობა მორიგი სტატიის გამოქვეყნებისა, თუმცა, ჩვენ ისევ იმ ბარიერს შევეჯახეთ, რომელსაც ბანკის მენეჯმენტის მამხილებელი სტატიების ცენზურა ჰქვია. შეგახსენებთ, რომ როდესაც საქმე ეხება ბანკის კრიტიკას, წამყვანი საერთაშორისო მედია, მათ შორის, Financial Times, Wall Street Journal, Bloomberg, Reuters და მსგავსი კალიბრის სხვა გამოცემები სიამოვნებით აქვეყნებენ მათ. სიტუაცია კარდინალურად განსხვავდება, როდესაც ფაქტებსა და მტკიცებულებებზე დაყრდნობით ჟღერდება ლოგიკური და ობიექტური ანალიზი, რასაც მოსდევს ასეთივე, საღ მსჯელობაზე დაფუძნებული ლეგიტიმური შეკითხვები"- ნათქვამია ადვოკატების განცხადებაში.
ისინი ამტკიცებენ, რომ ივანიშვილის კრიტიკა შეიცავდა ბანკის მენეჯმენტის საფუძვლიან მხილებას, რის გამოც "იგი დაექვემდებარა ბლოკირებას და ცენზურას".
"მოცემული სტატია წარმოადგენს იმ სტატიის ორგანულ გაგრძელებას, რომლის საზოგადოებისთვის წარდგენის სურვილი და მცდელობაც 2023 წლის თებერვლის დასაწყისში ჰქონდა ბატონ ივანიშვილს. იქიდან გამომდინარე, რომ ბატონი ივანიშვილის კრიტიკა მთლიანად ბანკის მენეჯმენტისკენ მიემართა და იგი შეიცავდა ბანკის მენეჯმენტის საფუძვლიან მხილებას, რაც ეფუძნებოდა კონკრეტულ მტკიცებულებებს, იგი დაექვემდებარა ბლოკირებას და ცენზურას. მისი გაცნობის საშუალება მხოლოდ ქართულ აუდიტორიას მიეცა მას შემდეგ, რაც ევროპულ პრესაში გამოქვეყნება ორიგინალი სახით შეუძლებელი აღმოჩნდა, რაც აჩვენებს, რომ ქართული მედია სივრცე თავისუფალია.
აქვე დავძენთ, რომ მოცემული სტატია ასევე გაშუქდება ქართულ პრესაში მიუხედავად იმისა, თუ როგორი იქნება მის მიმართ მიმღებლობა ევროპულ მედიაში. იმედგამაცრუებელია, მაგრამ ფაქტია, რომ როდესაც ხორციელდება ბანკის კრიტიკა, მაშინ ბატონი ივანიშვილისთვის ყველა კარი ღიაა: სტატიებს ბეჭდავს როგორც შვეიცარიული, ისე ევროპული და წამყვანი საერთაშორისო მედია. ამასთან, როგორც კი ფოკუსის ქვეშ ექცევა არა ბანკი, არამედ კონკრეტულად მისი მენეჯმენტი, რომელიც შეგნებულად აზიანებს ბანკის ინტერესებს და პოლიტიკური შანტაჟის ქვეშ აქცევს თავის კლიენტს, მაშინ მედია დუმს და ეს უკვე არა ერთჯერადი შემთხვევა, არამედ ტენდენციაა. ტენდენციაა იქიდან გამომდინარე, რომ ბატონ ივანიშვილს მსგავსი გამოცდილება უკვე ჰქონდა შვეიცარიულ მედიაში, როდესაც მენეჯმენტის კრიტიკის შემცველი ინფორმაციის გამოქვეყნებაზე შვეიცარიულმა პრესამაც, რადიომაც და ტელევიზიამაც უარი თქვა 2022 წლის ივლისში. მაშინ ბატონი ივანიშვილი ამ საკითხზეც ხმამაღლა საუბრობდა. ახლა იგივე უკვე ბრიტანულ/ევროპულ მედიაში განმეორდა.
შესაბამისად, სამწუხაროდ, კლიენტმა ვერ შეძლო საერთაშორისო მკითხველის ინფორმირება იმის შესახებ, თუ როგორ მოქმედებდა ბანკის მენეჯმენტი 2008-2015 წლებში, როდესაც ხდებოდა მის ანგარიშებზე წარმოუდგენელი დანაშაულები, რის შესახებაც ბანკის მენეჯმენტი ასზე მეტჯერ იღებდა მინიშნებას შიდა აუდიტის სისტემისგან, თუმცა ნაცვლად დანაშაულის აღკვეთისა, დამნაშავეთა პრემიებითა და ბონუსებით წახალისება ხდებოდა. ყოველივეს მოჰყვა განჭვრეტადი და წინასწარ განზრახული შედეგი: დაინგრა ბანკის რეპუტაცია და ფინანსური მდგრადობა და უდიდესი ფინანსური ზიანი მიადგა ბატონ ივანიშვილს. ამდენად, განჩნდა საფუძვლიანი კითხვა, თუ ვისი დაკვეთითა და დავალებით მოქმედებდა და მოქმედებს "კრედიტ სუისს"-ის მენეჯმენტი, რომელშიც პერსონები იცვლებოდნენ, ხოლო ხელწერა უცვლელი რჩებოდა. სწორედ ეს ინფორმაცია და ეს მთავარი შეკითხვა დაექვემდებარა ცენზურას, მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაცია შვეიცარიის მარეგულირებლის, FINMA-ს ანგარიშის მიგნებებს ეფუძნებოდა"- ირწმუნებიან ადვოკატები.
იურიდიულ ფირმაში აცხადებენ, რომ უნდა გაეცეს პასუხი "მთავარ კითხვას ვისი დაკვეთითა და დავალებით მოქმედებს კრედიტ სუისს-ის მენეჯმენტი".
"მკითხველმა უნდა სწორად შეაფასოს ის დინამიკა, რომელსაც ადგილი ჰქონდა 2022 წლის მარტის ბერმუდას სასამართლო გადაწყვეტილებიდან მოყოლებული, მაის-ივლისის უსაფუძვლო მოთხოვნებითა და გადაანგარიშებებით გაგრძელებული, ევროპარლამენტის რეზოლუციის მოშველიებით საკითხის გადადებით, სასამართლოზე მითითებით გაგრძელებული, სააპელაციო სასამართლოში წარმოთქმული დაუშვებელი ახალი არგუმენტითა და მასზე დაყრდნობით, კლიენტის ადვოკატების დასტურის დაჟინებული მოთხოვნით დაგვირგვინებული და ეს ყველაფერი თანხაზე, რომელიც ჯამური აქტივების 1% თუ არის. სწორედ ამ ყველაფერზე დაყრდნობით კი უნდა გაეცეს პასუხი სტატიის მთავარ კითხვას: ვისი დაკვეთითა და დავალებით მოქმედებს „კრედიტ სუისს“-ის მენეჯმენტი. ჩვენ ამ კითხვაზე პასუხს სრულად მკითხველს და მის ანალიტიკურ უნარებს მივანდობთ. ამ ფონზე, ობიექტურად ჩნდება შემდეგი მთავარი შეკითხვები:
ვინ არის ის ძალა, რომელმაც აიძულა მენეჯმენტს ზემოთ აღწერილი უამრავი კანონდარღვევა ჩაედინა? ვინ არის ის ძალა, ვინც ბანკის მენეჯმენტს ბატონი ივანიშვილის შანტაჟი დაუკვეთა? ვინ არის ის ძალა, რომელმაც, ამ ერთი მცირე ეპიზოდის მაგალითზეც გვაჩვენა, რომ ბანკის მენეჯმნეტს ბატონი ივანიშვილისთვის თანხის გადახდას უკრძალავს? ვინ არის ის ძალა, რომელმაც ევროპარლამენტს ორჯერ მიაღებინა რეზოლუცია ბატონი ივანიშვილის დასანქცირების მოთხოვნით და ორივე ჯერზე არ მისცა მისი ბოლომდე რეალიზების, აღსრულების საშუალება, რაც აჩვენებს, რომ მიზანი შანტაჟი იყო და არა რეალური სანქცირება? ვინ არის ის ძალა, ვინც ევროპულ მედიაში წვდომას ბლოკავს მაშინ, როდესაც საქმე ბანკის მენეჯმენტს შეეხება?"- ამბობენ ადვოკატები.
***
9 მაისს ივანიშვილის მიერ დაქირავებულმა PR კომპანია CISION-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ბიძინა ივანიშვილი Credit Suisse-ს პოლიტიკურ ზეწოლაში ადანაშაულებს და მეორედ ჩივილს აპირებს.
სარჩელის მიზეზი ის არის რომ, როგორც Cision-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, Credit Suisse-ს მიერ ბენეფიციარების ინტერესების დასაცავად და საჭიროებისამებრ თანხის გაცემის უზრუნველსაყოფად დაფუძნებულ Green Vals Trust-ში ბანკმა ოპერაციები შეაყოვნა.
ბიძინა ივანიშვილმა 2022 წლის 4 მარტს თანხის მიღება მოითხოვა. ბანკის რწმუნებულმა მოთხოვნა 2022 წლის 4 აპრილს დააკმაყოფილა, რამაც მილიარდერს ფინანსური ზიანი მიაყენა. თანხის გადარიცხვის შეყოვნების მიზეზად Green Vals Trust-მა "აღმოსავლეთ ევროპაში გეოპოლიტიკური გარემო" დაასახელა.
ივანიშვილის ადვოკატი კი განმარტავს, რომ Credis Suisse წინააღმდეგ დავას "ბოლო პერიოდში რამდენიმე სხვა ფაქტი მეტად საეჭვოდ დაემთხვა".
ადვოკატის თქმით, ივანიშვილს გარკვეული შეფერხებები შეექმნა ლონდონიდან და ნიუ იორკიდან ხელოვნების ნიმუშების დროულ და შეუფერხებელ გადაადგილებაში. ასევე, გაურთულდა გერმანიაში ძველის ჩაბარების სანაცვლოდ შეძენილი ახალი ვერტმფრენის საქართველოში ჩამოყვანა.
ბოლო პერიოდია ივანიშვილის ადვოკატები უცხოურ მედიას აკრიტიკებენ და ამტკიცებენ, რომ მათ სტატიების გამოქვეყნებაზე უარს ეუბნებიან.